საბა ბუაძე ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება.
ამის მიზეზი კოალიცია ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებაა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
ამასთან, საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ რჩება პარტიის რიგით წევრად იქამდე, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გათავისუფლდებიან.
“ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:
1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;
2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე – მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ ლელოს პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;
3. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!”, – წერს საბა ბუაძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კოალიცია ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და კოალიციები.