„ხარებას“ მოადგილე, სანქცირებული მირზა კეზევაძეც გადადგა

შეერთებული შტატების, გაერთანებული სამეფოს, ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ სანქცირებული მირზა კეზევაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს.
ეს ინფორმაცია დღეს, ექვს ივლისს დაადასტურა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
დღეს დილას ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ცნობა, რომ კეზევაძე პოსტიდან გაათავისუფლეს.
თუმცა დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“ და „მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს“.
„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, -აღნიშნა დარახველიძემ.
მირზა კეზევაძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. ასევე, აშშ-მა ის ვახტანგ გომელაურთან ერთად, მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, მირზა კეზევაძე სანქცირებულია – გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ.
ზვიად ხარაზიშვილმა (მეტსახელად „ხარებამ“ )განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოსტი 10 ივნისს დატოვა – მინისტრ ვახტანგ გომელაურის შეცვლიდან 13 დღის შემდეგ (გომელაური 28 მაისს გადადგა).
ხარაზიშვილიც და კეზევაძეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცნენ – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
მათგან ამ დრომდე დასჯილი არავინაა.
„ხარებას“ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი ხარაზიშვილი, კეზევაძე და შსს-ის სხვა მაღალჩინოსნები, – მათ შორის სანქცირებულები, – 2025 წლის 30 იანვარს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს დაუწესა როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა მირზა კეზევაძეს, შეერთებულმა შტატებმა კი – 2024 წლის 19 დეკემბერს.
აშშ-ის საზახინო დეპარტამენტმა ის „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.
ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებდა, რომ კეზევაძე „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
ვინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით – სრული სია:
ვახტანგ გომელაური;
შალვა ბედოიძე;
ალექსანდრე დარახველიძე;
გიორგი ბუთხუხი;
იოსებ ჭელიძე;
თემურ კუპატაძე;
ვაჟა სირაძე;
სულხან თამაზიშვილი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
მილერი ლაგაზაური;
მირზა კეზევაძე.