მრევლის საქციელმა რომის პაპი წყობილებიდან გამოიყვანა [Video]
ერთ-ერთმა მორწმუნემ, რომელიც მექსიკის ქალაქ მორელიის სტადიონზე რომის პაპის მესაზე დასასწრებად მივიდა, პაპი ფრანცისკე წყობილებიდან გამოიყვანა, – იუწყება მექსიკური მასმედია.
ინციდენტი სტადიონზე მოხდა, როცა რომის პაპი მესის ჩატარების შემდეგ მორწმუნეებს ესალმებოდა. ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ ერთ-ერთმა მორწმუნემ პაპს ანაფორაზე მოქაჩა, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ინვალიდის ეტლში მჯდომ ადამიან დაეცა.
მრევლის ასეთმა საქციელმა პაპი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებს, წყობილებიდან გამოიყვანა.
“ეგოისტი ნუ ხარ. რა გჭირს? ეგოისტი ნუ იქნები”, – მკაცრად უთხრა პონტიფიკოსმა უცნობს.
ინციდენტის მიუხედავად რომის პაპმა მრევლის დალოცვა გააგრძელა, შემდეგ კი სტადიონი დატოვა.
მესის დროს, რომელიც პაპმა მიჩოაკანის შტატში ჩაატარა, პონტიფიკოსმა ახალგაზრდებს იოლი ფულის შოვნის ცდუნებისგან თავის შეკავება მოსთხოვა. როგორც ცნობილია, აღნიშნული შტატი მექსიკაში ნარკოვაჭრობის ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.