გაურკვევლობა მიწების რეგისტრაციაზე

პარლამენტი თვითმმართველობებს მიმართავს, მიწის ნაკვეთების ფორსირებული რეგისტრაციისგან თავი შეიკავონ. აღნიშნულ თემაზე შესაბამისი განცხადებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.

კერძოდ, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის მიერ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყება მოითხოვა, რომელიც მიწების დარეგისტრირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს “ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა” შესთავაზა. კუბლაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სოფლად, განსაკუთრებული პროცესებია მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ადგილი აქვს ფაქტებს, როდესაც სახელმწიფომ მამა-პაპისეული მიწები დაირეგისტრირა, რადგან ის მესაკუთრეს საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდა. კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ ადამიანებს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები თავის დროზე დაურეგისტრირებელი იმის გამო დარჩათ, რომ ამის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებოდა.

ამასთან დაკავშირებით განმარტებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა, რომლის აზრით, მიწის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, არ უნდა მოხდეს მისი რეგისტრირება არც თვითმმართველობების და არც სახელმწიფოს მიერ. ხმალაძის თქმით, ეს უამრავ სასამართლო დავას წარმოშობს და ერთი პრობლემის გადაწყვეტისთვის სხვა ახალი პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობისგან მოითხოვა და პრემიერს მიმართა, უკან გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. ჩიქოვანის აზრით, პრინციპები, რასაც მთავრობის პროექტი ეყრდობა, პარლამენტში არ უნდა იხილებოდეს.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტებმა ვიდრე ამ თემაზე კანონი მიღებული არ არის, თვითნებურად, ფორსირებიულად სამართლებრივი მოქმედება არ უნდა განახორციელონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button