მეჭიაურის ორაზროვანი განცხადება

“ტერორი და ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელების წახალისება” – ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას.
უმრავლესობის წევრი ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
მის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ მისი კოლეგებიც უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრება არ უნდა განსაზღვრავდეს მის თანამდებობაზე ყოფნას.
გარდა ამისა, აქციის გამართვას გეგმავენ დღეს ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პროკურატურასთან შეიკრიბებიან და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში გავრცელების საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნას ითხოვენ. მან უნდა შეისწავლოს, როგორც კადრების გავრცელება, ასევე სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული.