ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის მიერ, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე.
“გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.