საქართველოში ეროვნული დღესასწაულია

ეროვნული დღესასწაულია საქართველოში – ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებს ქვეყნის პრემიერმინისტრი. მოგვიანებით თავისუფლების მოედანზე ფიცს ახალწვეულები დადებენ. ფიცს საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს.
წელს პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორკესტრთან ერთად დღეს დაუკრავენ დიდი ბრიტანეთის, ლატვიისა და აშშ-ის სამხედრო ორკესტრები.
დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გათვალისწინებულია ავიაშოუს ელემენტებიც. თავისუფლების მოედანზე განლაგდება ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა. საკუთარი კუთხე ექნება სხვადსხვა უწყებას – მოწყობილია 13 მეტრიანი კონსტრუქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წესებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშის ფერებში განათდა წუხელ თბილისის სატელევიზიო ანძა და მშვიდობის ხიდი.
წელს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 25-ედ აღნიშნავს.