კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

უნდობლობა გამოძიებას – ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები არსებულ შეკითხვებზე პასუხებს ითხოვენ. მათი განცხადებით, გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა. ოჯახი საქმეში არსებული მასალების გადაცემას ითხოვს.
როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აუცილებელია გასაჯაროვდეს ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მარშრუტი.
გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ირკვევა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ქონდა მიყენებული დაზიანებები თავის არეში და ხელის მტევანზე. ასევე იარაღზე აღმოჩენილი ანაბეჭდები საეჭვოდ მიაჩნიათ ადვოკატებს.
მისივე თქმით, ექსპერიზა გამოთქვამს ვარაუდს, რომ იარაღზე ორი პირის კვალია აღმოჩენილი. ერთ-ერთზე არაა გამორიცხული, რომ კიწმარიშვილის დნმ ყოფილიყო.
ადვოკატების განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასაჯაროებულა კიწმარიშვილის სოციალური ქსელით მიმოწერა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, როდესაც გამოძიება დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ ეროსის გარკვეული მიმოწერა წაშლილი იყო. მათ შორის მის ყოფილ მეგობართან ალექსანდრე კარპოვთან.
კიწმარიშვილის ძმა აცხადებს, რომ ეს იყო პირადი მეგობრული სახის მიმოწერა. ადვოკატები ამბობენ, რომ დღემდე არ არის დადგენილი იმ კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან ფიქსირდება.
ზურაბ კიწმარიშვილს ეჭვი აქვს, რომ ავტომობილი იყო გადაადგილებული, იმ პერიოდში, როდესაც კიწმარიშვილი უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.