დავით კინწურაშვილი: არ იფიქროთ,რომ ჩემს სისუსტეებზე არ ვისაუბრებ

“არ იფიქროთ, რომ ჩემს სისუსტეებზე არ ვისაუბრებ, პირველად მადლობა მაქვს გადასახდელი.”- წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ოპერისა და ბალეტის თეატრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი
” ვწუხვარ, რომ მოსალოდნელი ღალატის შესახებ ბატონ თემურ გუგუშვილის დარიგებებიც კი ვერ დავიჯერე, მისდამი ღრმა პატივისცემის ნიშნად, თეატრში მოსვლისთანავე მას დამსახურებული სოლისტის წოდება მივანიჭე და უმაღლესი ხელფასი დავუნიშნე.
შემდეგ იგი, როგორც დამსახურებული სოლისტი სამხატვრო საბჭოს წევრად დავასახელე. შედეგად, დასმა იგი სამხატვრო საბჭოს წევრად აირჩია.
თეატრის გახსნაზე “აბესალომის” როლზე დანიშნული ახალგაზრდა მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე მოვხსენი და ეს პატივი, მისი ღვაწლის აღსანიშნავად, ბატონ თემურს დავუთმე.
ცოტა ხნის შემდეგ ბატონ თემურს კასტინგის ხელმძღვანელის თანამდებობა შევუთავსე, რა თქმა უნდა დამატებითი ანაზღაურებით.
რა თქმა უნდა ბატონი თემურისთვის ვარსკვლავის გახსნაც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ოპერაში პირველი ვარსკვლავი მისი სახელობის არ უნდა ყოფილიყო!
ჩემთ საქმიანობის ერთ – ერთი უმთავრესი კრიტერიუმი არის და იქნება დამსახურებული ადამიანებისთვის შესაბამისი პატივის მიგება.
თუ ეს ყოველივე, თეატრის წინაშე ჩადენილი ჩემი დანაშაულია, მადლობა ვუხდი მას, რომ კარისკენ მიმითითებს…. ალბათ ცდილობს მიმახვედროს, რომ ეს ყველაფერი თეატრს არ სჭირდება. მადლობა იმისთვისაც რომ ჩემი წილი პატივის მიგება მაინც მოვახერხე.” – წერს კინწურაშვილი.
“მადლობას ვუხდი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილს, რომელმაც 25 წლის ასაკში ოპერის სადირჟორო პულტთან პირველად დადგომის პატივი მარგუნა. ამ ამაგს ვერასდროს დავივიწყებ და მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. პირადად მაესტროს არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის. მე კი ნამდვილად ვისარგებლე ჩემი თანამდებობით და შევძელი დიდი ბრძოლისა და მოლაპარაკებების შედეგად მისი ღირსეული დაბრუნება სწორედ იმ სადირჟორო პულტთან (როგორც საპატი დირიჟორი), რომელთანაც მე მიმიყვანა და საიდანაც ის დაუმსახურებლად გაუშვეს”.- წერს დავით კინწურაშვილი, რომელმაც თანამდებობა დღეს თეატრის დასის ნაწილის პროტესტის ფონზე დატოვა.
ცოტა ხნის წინ, ოპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თაბამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო თავის მხრივ მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.