მთავარმა პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო.
როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურსი განაცხადეს, მას შემდეგ რაც ტრისტან წითელაშვილის სამხედრო საიდუმლო ობიექტებზე შესვლის და გადაღების შესახებ მედიით ინფორმაცია გავრცელდა, პროკურატურა დაინტერესდა საკითხით და თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული მასალები გამოითხოვა.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო. საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო.
გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.