გია ლორთქიფანიძეს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და
აღკვეთის ღონისძიების სახით გია ლორთქიფანიძეს პატიმრობა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე შეუფარდა.

დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობს.

ადვოკატებმა სასამართლოს ლორთქიფანიძის საქართველოში ჩამოსვლის მტკიცებულებად საქართველოს მიმართულებით 15 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთიც წარუდგინეს.

„15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში“, – ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი.

ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button