ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობის ადგილზე მოსახლეობა იკრიბება

ამ წუთებში სოფელ ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობის  ადგილზე მოსახლეობა იკრიბება. მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები – იუწება გაზეთი “ჩემი ხარაგაული”

ზვარეს მოსახლეობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შორის გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების სასწრაფოდ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ზვარელი ზურაბ ტალახაძე გვიამბობს, რომ გუშინ საღამოს ზვარეს მაცხოვრებლებს, – გოჩა მანჩხაშვილისა და კახა თიკანაშვილს, რომლებსაც ტყიდან შეშა მოჰქონდათ, გზაზე  კომპანიის წარმომადგენლები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ზურაბ ტალახაძე განმარტავს, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ შეშა სამშენებლო ტერიტორიიდან იყო აღებული. ენობრივი ბარიერის გამო ჩინელებთან გამართული კომუნიკაცია ჭირს. ფიზიკურ დაპირისპირებაში ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ჩაერივნენ.

დღეს დილით კომპანიაში დასაქმებულმა ქართველებმა გუშინდელი ფაქტის გამო დამსაქმებლებს პასუხი მოსთხოვეს. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება ისევ განახლდა. ნაცემია ერთი ქართველი მუშა. როგორც ზურაბ ტალახაძემ გვითხრა, დაშავებულები მოლითში ექიმ გოჩა ჩხაბერიძესთან მიიყვანეს, ხოლო ერთი მუშა ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღეს, დილის თორმეტი საათისთვის, ზესტაფონის საავადმყოფო „ფერომედში“ ზვარედან ოთხი დაშავებული მიიყვანეს. ექიმ ვეფხვია გაგოშიძის ინფორმაციით, ორ მათგანს ჭრილობა თავზე აღენიშნება, ერთს – გულმკერდის არეში, ერთს კი ხელის მტევანზე. ექიმი ამბობს, რომ მათ სათანადო მკურნალობა და გამოკვლებები ჩაუტარდებათ. მათი სტაციონარში მკურნალობა, შესაძლოა, საჭირო არ გახდეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ ისინი სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები მიმართავს შინაგან საქმრეთა სამინისტროს, რომ დროულად და ობიექტურად გამოიძოს ეს ფაქტი. ილია ლეჟავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დამსაქმებელი კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტი შეიცვალოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა განმარტავს, რომ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.  მისივე თქმით, ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button