“ეს იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი შექმნილი მოლოდინებიდან”- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გუშინ დაფიქსირებული გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი აჟიოტაჟმა განაპირობა.
გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ვითარება საგანგაშო არ არის, ლარი მცურავ რეჟიმშია და გაცვლით კურსს ბაზარი არეგულირებს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის ჩარევას პროცესებში, გვენეტაძე იმ ბრალდებებზე აკეთებს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკი წინასაარჩევნოდ დიდი რაოდენობით რეზერვს ყიდდა.
გვენეტაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩარევა აუცილებელი იყო და ეროვნული ბანკი ვითარების დასტაბილურიების მიზნით, ამ ეტაპზეც აქტიურად მუშაობს.
“რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, ეს იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი შექმნილი მოლოდინებიდან. მოლოდინებში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა მეზობელი ქვეყნების გაუფასურება და ყველაფერმა ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს სამწუხაროდ ახასიათებთ ასეთ მოვლენა, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტალური ფაქტორები განაპირობებენ და ამას მოჰყვება ხოლმე, როგორც წესი, ძველი დონისკენ ჩამოსვლა,“ – განაცხადა გვენეტაძემ.