პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონპროექტის საბოლო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9,489 მილიონი ლარით განისაზღვრება. ხარჯების ჯამური მოცულობა კი 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს. ყველაზე მეტი დაფინანსება 2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.
ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს 65 მილიონი ლარის გამოყოფას ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის.
2017 წლიდან დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა, რაც დამატებით 200 მილიონ ლარამდე შემოსავალს იძლევა.
ასევე გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე.