ცალ კარში თამაში მიმდინარეობს – ომბუდსმენი ციანიდის საქმეზე
“რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს გარკვეული დეტალები და დაიცვას თავი”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ნანუაშვილი ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზის მოსანახულებლად მივიდა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ის კლინიკაში თავისი სურვილით მივიდა. მისი თქმით, ყველა დეტალი, რაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია.
კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს საქმის მასალების ნაწილი გადაეცა, სახალხო დამცველი პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.