გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.
მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. ის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
ბერიკაშვილი იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი და ქართული თეატრის ვარსკვლავი.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.