“სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხი არ განიხილება”

ეს საქართველოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხია და მხოლოდ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ამ თემაზე – ეს განცხადება, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. პეტრო პოროშენკოს განმარტებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხი არ განიხილება. უკრაინის პრეზიდენტმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადმოცემის საკითხი საქართველოს ხელისუფლებას არცერთ შეხვედრაზე არ დაუყენებია.

“ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არც აქ და არც უკრაინაში განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხია და მხოლოდ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ამ თემაზე. მანამდე ამ საკითხზე სათქმელი არაფერი მაქვს. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური ჰუმანიტარული ან სოციალური პრობლემები საქართველოსთან ურთიერთობაში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს,” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button