“ჰერეთი”და “პალიტრა” ბათუმში მაუწყებლობის მოსაპოვებლად იბრძოლებენ

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გამოცხადებულ კონკურსზე – „კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში“ დალუქული დოკუმენტაცია დღეს, 24 ივლისს კონკურსანტთა დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო დღეს წარადგინა. 5 კაციანი კომისია, რომლის შემადგენლობაში:  კახი ბექაური-თავმჯდომარე, წევრები: ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე არიან, დალუქულ დოკუმენტებს 27 ივლისს გახსნის, გამარჯვებულს კი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოაცხადებს.

გამარჯვებული კონკურსანტი ბათუმში მაუწყებლობას FM97.3 დაიწყებს.

ბათუმში ჰერეთთან ერთად, კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას მოპოვებას ასევე ცდილობს შპს “რადიო ცენტრი პლიუსი”(იგივე რადიო პალიტრა) ,რომლის 100 % წილი თავის მხრივ შპს “კვირის პალიტრას” ეკუთვნის.  ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ირაკლი თევდორაშვილია- 75 %; 25 %- კი ზაზა ბუაძეს ეკუთვნის.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით 11 მაისს მიმართა და კონკურსის გამოცხადება მოითხოვა აჭარაში, ქალაქ ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ჰერეთის დირექტორისა და 100 % წილის მფლობელის რამაზ სამხარაძის თქმით, ჰერეთი “რადიო ბათუმის” გაშვებას გეგმავს.

მისი თქმით,”რადიო ბათუმი” ადგილობრივი რადიოსადგური იქნება, სადაც ბათუმელები დასაქმდებიან.“რადიო ბათუმი” იქნება ადგილობრივი მაუწყებელი, თუმცა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ქოლგის ქვეშ, ერთიანი საინფორმაციო და სარეკლამო პოლიტიკით.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი თითქმის 20 წელია მედიაბაზარზე და ფლობს 3 რადიოსაგურს, ჰერეთს, თბილისს და Relaxwebradio – ს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button