თელავში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა. ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმუშავებს. რა მიზანი აქვს ცენტრს და როგორია ამომრჩევლის განწყობა წინასაარჩევნოდ?

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე კახეთში, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მედიაცენტრი გაიხსნა,რომლის მიზანიცაა ღია და ნეიტრალური სივრცე შესთავაზოს მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კანდიდატებს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ფურცხვანიძე ამბობს, რომ მედიაცენტრი ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

ცენტრის გახსნას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ კონკურენტუნარიანი, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად მსგავსი სივრცის გახსნა აუცილებელი იყო.

მედიაცენტრი დაინტერესებული პირების მასპინძლობისთვის უკვე მზად არის, თუმცა თავად პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების მზადება არჩევნებისთვის ჯერ არ შეინიშნება. კანდიდატებიც ჯერ არავის წარუდგენია ამომრჩევლისთვის, თუმცა თავად ამომრჩეველი ლაპარაკობს იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ზუსტი რიცხვი ჯერ არ არის ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button