ჰერეთს, პალიტრას და მედFM-ს GNCC-მ ხარვეზი დაუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დასაშვებად ცნო ქ.ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი კონკურსსანტთა დოკუმენტაცია.

კონკურსზე 2 კანდიდატი მონაწილეობს შპს “რადიო ცენტრი პლიუსი” (იგივე რადიო პალიტრა) და შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი”.

კონკურსის შესაბამისად ძირითადი დოკუმენტები: სამაუწყებლო კონცეფცია და მინიმალური საინვესტიციო ვალდებულებები ორივე კომპანიას წარდგენილი ჰქონდა, თუმცა “რადიო ცენტრი პლიუსის” შემთხვევაში არასწორად იქნა შევსებული კომპანიის აქტივების კომისიის მიერ დადგენლი სპეციალური ფორმა, ჰერეთის შემთხვევაში კი დოკუმენტებს აკლდა ცნობა საწესდებო კაპიტალის შესახებ და არასწორად იქნა შევსებული დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ჰერეთის ხარვეზით წარმოდგენილ დოკუმენტს, რადიო პალიტრის პროტესტი მოჰყვა, პალიტრის წარმომადგენლებმა კომისიას განუცხადეს, რომ ჰერეთის განაცხადი კონკურსიდან დისკვალიფიკაციას ექვემდებარებოდა.

კომისიამ მცირე თათბირის შემდეგ, “პალიტრის” წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მათი მოთხოვნა კანონთან და კომისიის საკონკურსო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუსაბამო იყო, რადგან კონკურსით მოთხოვნილი ძირითადი დოკუმენტები კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა და საკონკურსო გადაწყვეტილებაში ცალსახად ნათქვამია, რომ “ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით”

ორივე კონკურსანტს ხარვეზის გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მიეცათ.

კონცეფციების თანახმად, შპს “რადიო ცენტრმა პლიუსი” (რადიო პალიტრა), საკუთარი მაუწყებლობის განვრცობას თბილისიდან ბათუმში აპირებს, ხოლო შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, ახალი ადგილობრივი რადიოსადგურის – რადიო ბათუმის გაშვებას გეგმავს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ასევე გახსნა სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობის კონკურსზე წარდგენილი შპს “მედეფემის” მიერ წარდგენილი დალუქული დოკუმენტები, რომელსაც ასევე დაუდგინდა ხარვეზი.

კომისიამ აღნიშნულის გამოსასწორებლად “მედეფემსაც”5 დღიანი სამუშაო ვადა მისცა.

კომისია დღესვე გამოაქვეყნებს კონკურსანტთა დოკუმნენტაციას ვებგვერდზე www.gncc.ge .

ორივე კონკურსის გამარჯვებულს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 31 აგვისტოს გამოაცხადებს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button