დაჭრილია მმართველი პარტიის კანდიდატი და კიდევ ოთხი პირი

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით,  ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს.

სროლის დროს შენობაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში შტაბის წევრებმა ავტომანქანებით გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

“ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში.  ჩემი თხოვნა იქნება, რომ  პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას. მიუხედევად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება,” – განაცხადა  გიორგი მღებრიშვილმა.

საგამოძიებო მოქმედებები ყიზილაჯლოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი თავდასხმის შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 4 პირი. შსს-ს ცნობითვე,დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. მარნეულში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, რომელიც პირადად გაეცნო გამოძიების დეტალებს და დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას. 19 ოქტომბერს, ღამით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაჭრილებს შორისაა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button