უბედური შემთხვევა ტყიბულში – მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა

ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან. ისინი ტყიბულში გაემგზავრნენ.

ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. რის შედეგაც, სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და გაეცნობიან იქ არსებულ ვითარებას.

უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში გუშინ მოხდა. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. მასთან ერთდა კიდევ სამი ადამიანი მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაშავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის შახტში მომხდარი ავარიის გამო ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მოკვლევით, 2017 წლის 10 თვეში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტყიბულში გუშინ მომხდარი ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოების კონტროლი არ არსებობს და ამ მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკაა შესამუშავებელი.

რაც შეეხება გამოსავალს და მსგავსი ფაქტების პრევენციას, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლანა ღვინიანიძე ამბობს, რომ უმთავრესია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება.

მსგავსი პოსტები

Back to top button