საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

დღეიდან საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ორი წელია მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ნორმა ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა ახალ კანონს შიდა უსაფრთხოებაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
3 ოქტომბერს ანტიტერორისტული კანონი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო.
ახალი ანტიტერორისტული კანონი ადმინისტრაციული ხელისუფლების გაძლიერებას და ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვის გაცემის გამარტივებას ითვალისწინებს. აგრეთვე დასაშვები იქნება რელიგიური ორგანიზაციების დროებით დახურვა, რომლებიც სიძულვილის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევიან.
საფრანგეთის შს მინისტრის ჟერარ კოლომბის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში სამართალდამცველებმა საფრანგეთში 32 ტერაქტი აღკვეთეს და 652 ერთეული იარაღი ამოიღეს.