მნიშვნელოვანისაქართველო

შემთხვევა თბილისში რომელიც მოსწავლის გარდაცვალებით დასრულდა

დეტექტივ-გამომძიებელ ლევან დიდიძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩა N 4-ში მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებითა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ლევან დიდიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები და ამ ეტაპზე ამ კამერების შესწავლა ხდება. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, მოზარდებს შორის დაპირისპირების მოტივი. დიდიძის თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

“დაჭრილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განAცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილ ბავშვს მკურნალობას განაგრძობს, აღენიშნება დადებითი დინამიკა.
მომხდარის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, – ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გარდაცვლილი მოსწავლის მშებლებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

“ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას”, – განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

“ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა, ცხოვრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ახალგაზრდებს შორის მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება აგრესიული და ძალადობრივია. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button