მნიშვნელოვანისაქართველო

ბრალდებული მოზარდი პოლიციას ჩაბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი გამოძიებას ჩაბარდა. 

გამოძიების ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პროცესში თითოეული სამართალდამცველის მიერ გათვალისწინებული იყო საქმის სენსიტიურობა, მასში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად იმუშავებს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გატარებაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა.” – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ სამ სრულწლოვანს კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მისივე შვილებისაგან შეიტყო ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ, თუმცა, პოლიციას არ შეატყობინა და ერთ-ერთ ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button