“ბირჟა მაფიას” ერთ-ერთი წევრი პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო

“ბირჟა მაფიას” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ქებურია პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო და მისი საქმე დახურა. ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გიორგი ქებურიას დაკავების საქმეში პოლიციის ცალკეულ თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქებურიას უფლებადამცველი ამ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ჰიპ-ჰოპ პროექტ „ბირჟა მაფიის“ წევრები – მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაკავებულები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შემდეგ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული მომღერლების ჩვენებაზე დაყრდნობით, თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე. მომღერლების თქმით, მათი დაკავება უკავშირდება ერთ-ერთ ვიდეორგოლს, რომელშიც გაშარჟებულია პოლიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button