მნიშვნელოვანისაქართველო

“ბასიანის” საქმის ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პოლიციის მაღალჩინოსნის, კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსისა და წევრის დაჭრაში ბრალდებულს სააპელაციო სასმართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს მეორე ინსტანცია განიხილავდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ქვლივიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ქვლივიძის ადვოკატი ამბობს, რომ სამი პირი იმის გამო დაჭრა, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ის თავს იცავდა.

საქალაქო სასამართლომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსი ზვიად მესხი პროკურატურაშ იყო დაბარებული, თუმცა როგორც თავად ამბობს, პროკურატურის წარმომადგენლებმა მას მხოლოდ საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მესხის თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კითხვები გაუჩნდა, თუმცა, კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით მედიასთან არ უნდა ლაპარაკი.

“ორი პიროვნება მოვიდა, ახალგაზრდა ბიჭები, უნდოდათ კლუბში შესვლა, რაზეც მათ განეცხადათ უარი ფეისკონტროლისგან და განემარტათ რატო იყო ეს უარი. იყვნენ აგრესიულები და ნასვამები, რაზეც დაიწყო კონფლიქტი. გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე, ფეისკონტროლის მიმართ გინება, დაცვის მიმართ გინება, რაზეც ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ რომ ნუ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რის გამოც ტერიტორიიდან გავიყვანეთ.” – განაცხადა ზვიად მესხმა.

საქმე ეხება 13 იანვარს კლუბ “ბასიანში” პოლიციელისა და დაცვის ორი წევრის დაჭრას. პირი, ვისაც ეს დანაშაული ედება ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა და საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. დაჭრაში ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button