Hereti FM

ბათუმელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ მუზეუმში

232

დღეიდან 30 იანვრამდე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ბათუმელი მხატვრის, ზაირა ნადირაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ახალი მე” გაიხსნება.

პროექტით “ახალი მე”, გვთავაზობს ახალ კომპლექსურ ხედვას, შემოქმედების რთული პროცესის ერთ ჭრილში აღსაქმელად და წარუდგენს დამთვალიერებელს, სამყაროს შემოქმედებით ფასეულობათა დიდ სივრცეს.
ზაირა ნადირაშვილი მუშაობდა ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფომანსი, ინსტალაცია და სხვა.

ბოლო წლებში ავტორმა შეისწავლა გეშტალტ ფსიქოლოგია, რაც მისი ხელოვნებასთან დამოკიდებულების ახალ ინსპირაციად იქცა. ამ გამოცდილების ნიადაგზე, შეიქმნა ნამუშევრების სერია “ახალი მე”, რომელიც მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეო-არტს.

“პროექტი გამოხატავს გამთლიანებული პიროვნების შემოქმედებით პროცესებს. ავტორი ცდილობს ადამიანებამდე მიიტანოს სრულიად ახალი ხედვები ხელოვნების სფეროში, სადაც ფილოსოფია, მხატვრობა და ფსიქოლოგია ერთ მთლიანობად გარდაიქმნება. ამგვარი პოზიცია, საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ერთი ესთეტიკური ღერძი, ნამუშევართა სერიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევერებში იკითხება ზაირა ნადირაშვილის, როგორც მაძიებელი ხელოვანის გამოცდილება. ავტორი მუშაობდა ფოტოგრაფიაში, ფერწერაში, გრაფიკაში, ამიტომ ბუნებრივია, მისი ხედვა იტევს ყველა ამ დარგის სპეციფიურ ნიშნებსაც”, – განაცხადეს გამოფენის ორგანიზატორებმა.

რადიო ჰერეთი