მნიშვნელოვანისაქართველო

კალაძე: მეტროსადგურში მომხდარს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება

“ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონკრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც
შემთხვევის ადგილზე მივიდა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ მეტროსადგურში სამუშაოები აგვისტოში დასრულდა, სექტემბერში კი ექსპლუატაციაში შევიდა. კალაძის განცხადებით, იგივე კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები მეტროსადგურში „ახმეტელის თეატრი“, ამიტომ “დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რათა ყველა უბედურება იყოს თავიდან აცილებული”.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი. მოხდა ჭერის ჩამონგრევა. ამჟამად ყველა დაშავებული გადაყვანილია კლინიკებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს“, – აღნიშნა კალაძემ.

ბოლო ინფორმაციით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button