Hereti FM

პანკისში ირაკლი შოთაძესთან შესახვედრად ემზადებიან

96

პანკისის ხეობაში მთავარ პროკურორთან შესახვედრად ემზადებიან. მას შემდეგ რაც ირაკლი შოთაძემ მაჩალიკაშვილების ოჯახთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მას უხუცესები ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ.

რატომ ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს და რატომ აიგივებენ პანკისის ხეობას ტერორიზმთან? პანკისის მოსახლეობა მთავარი პროკურორისგან პასუხს, სწორედ ამ კითხვებზე ითხოვს.

პანკისელები ფიქრობენ, რომ მათი კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

უხუცესები გამოძიების დროულად და ობიექტურად ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

საქართველოს მთავარი პროკურორი მზად არის შეხვდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი შოთაძემ 31 იანვარს გააკეთა. შოთაძის თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს კომუნიკაცია, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და კლინიკაში გარდაცვლილი პანკისელი ახალგაზრდის ოჯახთან. მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს.

რაც შეეხება კითხვას, დადგება თუ არა სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, შოთაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზები, რის შემდეგაც დეტალებზე ინფორმაცია მიეწოდება გარდაცვლილის ოჯახს.

რადიო ჰერეთი