Hereti FM

თელავში მცირე ბიზნესისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა

161

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ და “ფინკა ბანკი” აგრძელებენ ტრენინგებს “ფინკა ბანკის” კლიენტებისთვის. შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თელავში “ფინკა ბანკის” სერვის ცენტრში გაიმართა.

ტრენინგის მთავარი თემა იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენებაა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი: „დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას“.

მიხეილ ახალაური, ფინკა ბანკის თელავის სერვის ცენტრის მენეჯერი: „ჩვენთვის, ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ამ ტრენინგის შემდეგ მათ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითრებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბანკთან ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ დღეის შემდეგ ჩვენი კლიენტების საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

“ფინკა ბანკის” მომხმარებელი მეწარმეები ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თელაველი მეწარმე ნოდარ წულუკიძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია მას ბიზნესის გაძლიერებაში და ფინანსების უკეთ მართვაში დაეხმარება.

,,ტრენინგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოგვადგება. დღეს გავიგე, რომ სესხი არ უნდა ავიღოთ 19%-ში და არ უნდა ჩავდოთ ფული ისეთ საქმეში, რომელიც 10%-იან მოგებას მოგვიტანს, რადგან ეს გამოიწვევს ზარალს და იქნება ჩვენი ბიზნესისთვის საზიანო‘.

როგორც რადიო ჰერეთს ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის შემდეგი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

პროექტის ფარგლებში 100 მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

რადიო ჰერეთი