Hereti FM

სააკაშვილი ევროკავშირსა და ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს

17

უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს.

ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

“კიევის კაფეში თავს დამესხნენ შეიარაღებული პირები, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადამიყვანეს. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკო უკრაინას ანადგურებს და მისი, როგორც კორუფციასთან მებრძოლის მოშორება სურს.

“თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება. მე აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში კანონიერად და ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მიხეილ სააკაშვილი კიევის ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.

რადიო ჰერეთი