თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, ხელშეკრულება კომპანიასთან 10 აპრილიდან შეწყდება და პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
გადაწყვეტილების მიზეზად კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
“არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უფლებამოსილებების შეუსრულებლობას. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 აპრილიდან, კომპანია “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება შეწყდება, – განაცხადა კალაძემ.
კომპანია “სითი პარკისთვის” თბილისის მერიის გადაწყვეტილბა მოულოდნელი იყო. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამ საკითხზე მერიასა და მათ ხელმძღვანელობას შორის კონსულტაცია არ ყოფილა. ლევან ტაბიძის განცხადებით, “სითი პარკი” მერიის გადაწყვეტილებაზე განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.