Hereti FM

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

248
Share Button

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო თავისუფალი იქნება და წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეკანოზის პატიმრობის შესახებ შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკანოზ მამალაძის ადვოკატები სარჩელის მომზადებას უკვე სტრასბურგისთვის დაიწყებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს ცნო დამნაშავედ საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისათვის და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაციას უკეთებდნენ. გერმანიაში იმყოფებოდა მისი მთარგმნელ-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც.

პროკურატურამ სწორედ მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ დეკანოზის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს. მალევე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა ამბავი, რომ დეკანოზმა ჟურნალისტს ციანიდის შოვნაში დახმარება სთხოვა. ირაკლი მამალაძე ჩვენებაში აცხადებდა, რომ დეკანოზის მიზანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იყო. მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. თუმცა ამ დრომდე არ არის ნათელი, საბოლოოდ ვისგან, სად და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ საწამლავი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი