Hereti FM

რუსეთის პასუხი ბრიტანეთს

164

დიდ ბრიტანეთს რუსეთიც დიპლომატების გაძევებით უპასუხებს-ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არც დიპლომატთა რაოდენობა და არც დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მალე გახდება. განცხადება გააკეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. მარია ზახაროვამ დასავლეთის ქვეყნები ლონდონის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცა 23 რუს დიპლომატს, რომლებიც ლონდონის მიერ ეჭვმიტანილნი არიან სადაზვერვო საქმიანობაში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, უკავშირდება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა არ დააკმაყოფილა ლონდონის მოთხოვნა და 13 მარტს, დღის ბოლომდე არ წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს არ აქვს კავშირი სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან.

მეის განცხადებითვე, რუსეთის მოქმედება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებაა. დიპლომატების გაძევების გარდა, ლონდონმა მიწვევა გაუუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენელბი კი არ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ზაფხულში, რუსეთში გაიმართება.

რადიო ჰერეთი