IPN-ს ჟურნალისტმა ქარტიის მესამე პრინციპი დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა ანა მარშანიამ ქარტიის მესამე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
მის წინააღმდეგ განცხადება ქარტიის საბჭოში სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთმა” შეიტანა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს “ინტერპრესნიუსმა” არაზუსტი ინფორმაცია გამოაქვეყნა და მიჩმქალა ფაქტები. სადავო მასალაში სააგენტო ორგანიზაცია IPR & Analytical Center-ის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ.
განმცხადებელი რადიო “ჰერეთი” კი აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევითი კომპანია არ არსებობს, არ იძებნება არცერთი საძიებო სისტემით, არ აქვს ვებ-გვერდი და სხვა მისამართები.
როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს უპასუხეს. მსჯელობის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის მესამე, მიჩქმალვის პრინციპი.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ქარტიის საბჭოს ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.