ჩემი საუკეთესო მეგობარი-ლია კამლაძის ბლოგი
ზაფხულის შემდეგ არ მინახავს, არც ტელეფონით შევხმიანებივარ. ვიცი, რომ არსებობს და ამითაც კმაყოფილი ვარ…
დილიდან ამინდის გამო ვბუზღუნებ. მე და ამინდი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში ვართ: გარეთ მზეა, ჩემს სულშიაც დარია…წვიმს და მეც მოქუფრული ვარ.
მოკლედ, ცუდ ხასიათზე ვარ, არავინ მინდა და არავის ვუნდივარ… ზარის ხმა დიდად არ მესიამოვნა. სათვალთვალოში გავიხედე და…კარებს წივილ-კივილით ვაღებ ,,როგორ მომენატრეეე”…
მართლა ძალიან მომნატრებია, წონაში მომატებული, თითქოს დაბერილი სახე აქვს, თვალები ძველებურად უბრწყინავს და როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზია…მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ (დეიდაჩემი ჩაის ასადუღებლად რომ გავიდა), ჩუმად მეუბნება; ,,ფეხმძიმედ ვარ”.
,,რააააა”… ,,ჩუმად, უკვე მეოთხე თვეა”…ხელი პირზე ავიფარე და ასე დავრჩი…,,რა უნდა ვქნათ?” – ვეკითხები.
,,არ ვიცი”-იცინის და თვალები ცრემლებით ევსება. ,,მომკლა მკერდის ტკივილმა, ხსენი ჩამიდგა და ვიწველი”…ჩემს თავსა და გულში ისეთი ორომტრიალია, თავზარდაცემული ვარ…,,წამო, აბაზანაში შევიდეთ, დამეხმარე გამოწველაში”…
აბაზანაში ვიკეტებით.
,,ძალიან მომიჭირე ხელი”…ისე ვნერვიულობ, ხელები მიკანკალებს…ძნელი და მტკივნეული პროცესია, სახე ეჭიმება და სიმწრით ტუჩებს იკვნეტს. ძლივს გადმოდის რაღაც მოყვითალო სითხე, ლამბაქი შევუყუდეთ მკერდს. აქეთ, კარებთან დეიდაჩემი მოდის და გვიყვირის, ჩქარა გამოდით, ჩაი გაცივდება, რას აკეთებთ ასე ერთად აბაზანაშიო (დედა, რა გვეჩაიება)
ხელები გამიოფლიანდა და ვეღარ ვუჭერ, თვითონაც დაიღალა ტკივილისგან…ერთმანეთს შეწუხებული და დაფეთებული თვალებით ვუყურებთ…
თითი ჩაყო ლამბაქში, სითხეში ამოავლო და პირში ჩაიდო, სახე დაეჭყანა ,,რა საშინელი გემო აქვს, ეს ბავშვს როგორ მოეწონება”…ისეთი სიცილი აგვივარდა, ამას ექიმები ისტერიკას ეძახიან.ორგანიზმი ნერვიულობისგან, სტრესისგან განთავისუფლებას ცდილობს.
მოკლედ, გამოვეტიეთ აბაზანიდან ,,ხვალ ექიმთან წამყევი” -წამჩურჩულა…იმ ღამეს რა დამაძინებდა…არ ვეკითხები ვინ არის, -აზრი არ აქვს…ექიმის მოსაცდელში ვზივართ, არ ვლაპარაკობთ…შევიდა…გული ლამის ამომივარდეს..წუთები საათებად მეჩვენება, ვერ ვაზროვნებ, მხოლოდ ერთ სიტყვას ვიმეორებ ,,ღმერთო, ღმერთო”…და ასე, უსასრულოდ…წინ და უკან დავდივარ.
კარების გაღების ხმა მეხის გავარდნას ჰგავს…ისეთია, თითქოს არაფერი მომხდარა, ნაზი, სათუთი, ლამაზი, როგორც ყოველთვის…წინ მიდის, უკან მივყვები და ცრემლები მახრჩობს…ჩერდება, უკან ბრუნდება, მიყურებს, მიყურებს და…,,ის იცოცხლებს”…ყურები დამეხშო, ხელები თავისით ჩამომიცვივდა, ჩანთა გამივარდა და მიწაზე დავეშვი…,,ის” ჩემი ნათლულია და ძალიან მიყვარს..მიყვარს მისი ლამაზი დედიკოც,- ჩემი საუკეთესო მეგობარი.