„რომან გოცირიძე სოფლის მეურნეობაში გარღვევას იმიტომ ვერ ხედავს, რომ 2012 წელს სოფლის მეურნეობა იყო მკვდარი“ – მიხეილ დუნდუა

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს პასუხობს, რომელმაც რადიო ,,თბილისის“ ეთერში განაცხადა, რომ მიუხედავად სოფლის მეურნეობაში ჩადებული თანხებისა, ამ სფეროს განვითარება არ შეიმჩნევა. როგორც მიხეილ დუნდუამ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება სოფლის მეურნეობას ყურადღებას არ აქცევდა და დღეს ამიტომ ვერ ამჩნევენ სფეროს წარმატებას.
,,სურსათის, საკვების და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მაჩვენებელი საქართველოში ბოლო ხუთი წლისა უფრო მეტია, ვიდრე წინა ათი წლის. როცა ხუთი წლის ჯამი ათი წლის მაჩვენებელს ჭარბობს, საუბარია იმაზე, რომ გაამართლა გადადგმულმა ნაბიჯებმა. რომან გოცირიძე სფეროში გარღვევას იმიტომ ვერ ხედავს, რომ ისინი საერთოდ არ უყურებდნენ სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს. 2012 წელს სოფლის მეურნეობა იყო მკვდარი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრისა და მთავრობის ინიციატივა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმასთან დაკავშირებით, სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკის ზრდაში გაიზარდოს“.
მოისმინეთ მიხეილ დუნდუას ხმა.