Hereti FM

ვაშლოვანის ქუჩაზე გზის დაგება განახლდება -გამოხმაურება რადიო “ჰერეთის” რეპორტაჟს

946
Share Button

რადიო “ჰერეთის” ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოხმაურება მოჰყვა. ლაგოდეხში ვაშლოვანის ქუჩაზე, გზის დაგება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება რამდენიმე დღეში განახლდება. ვაშლოვანის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია ღუდუშაური შეხვდა.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ტენდერში გამარჯვებული შპს “ლაგოდეხავტოგზა” გზის რეაბილიტაციას მალე განაახლებს. პროექტის ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარზე მეტია.

ლაგოდეხი ტურისტულ სეზონს მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურით ხვდება – ამ სათაურით რეპორტაჟი პირდაპირ ეთერში 12 აპრილს გავიდა.

მასალაში ლაპარაკი იყო, რომ ასფალტის საფარი ამ ქუჩაზე მთლიანად არის აყრილი და პროექტით გათვალისწინებული გზის დაგების სამუშაოები შეჩერდა.

ვაშლოვანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა, მთელი ქუჩა მტვერშია გახვეული. მოსახლეობა უყურადღებობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებდა.

მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს ბლუზფესტივალის დამფუძნებელი ვიქტორ კერვალიშვილიც. ის ამბობს, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება ქალაქში ტურისტთა ნაკადი მნიშნელოვნად შემცირდება. ბლუზფესტივალი ლაგოდეხში წელს მეორედ უნდა ჩატარდეს.

ეთერში გასულ რესპორტაჟში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძე ამბობდა, რომ ვაშლოვანის ქუჩაზე გაზა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიგებოდა.

ჭანკოტაძე სამუშაოების შეჩერების მიზეზად, სასმელი წყლის 11 მილიონიან პროექტს ასახელებდა, რომელიც ჯერ ასევე არ დასრულებულა.

 

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი