მნიშვნელოვანი

სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში

სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში ►.

ბასიანსა და გალერიში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმი ქალაქის ღამის კლუბებში, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია რვა ნარკორეალიზატორი. მათ ბოლო სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სპეცოპერაცია კრიმინალურმა პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარა.

დაკავება ►

სამართალდამცველებმა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და კლუბ ბასიანის თანამფლობელი, ზვიად გელბახიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მათი დაკავების მიზეზი.

სპეცოპერაციის შემდეგ კლუბებიდან იძულებით გამოყვანილმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციაზე გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

მანამდე პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავეს. მათი რაოდენობა დადგენილი არ არის. აქციაზე მივიდა ღამის ეკონომიკის განვითარების მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. თვითმხილველების თქმით, ზურა ჯაფარიძე მასთან ლაპარაკის შემდეგ აქციისკენ შებრუნდა და სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცველებმა.

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, შსს-ს ცნობით დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი. მანამდე, სამართალდემცელები კლუბში შევიდნენ, იქ მყოფი სტუმრები გარეთ გაიყვანეს და შენობაში დაწესებულების თანამშრომლები დატოვეს. პოლიციელებთან შეტაკებების დროს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს ►

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განმარტებებს დღის განმავლობაში გააკეთებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში – ბასიანსა და გალერიში, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 კლუბი ერთი დღით დაილუქება, განჩინებაში აღნიშნულია, რომ კლუბების დალუქვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. მოთხოვნის თანახმად, სამართალდამცველებს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ჩხრეკის ჩატარების უფლება ეძლევათ.

სახალხო დამცველი ►

კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა. როგორც თავად ამბობს, სახალხო დამცველს კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრთანაც. ლომჯარიას თქმით, მისი მთავარი შეკითხვა იყო თუ რატომ განხორციელდა სპეცოპერაცია იმ დროს, როდესაც კლუბში მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

დაანონსებული აქცია ►

საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს, 15:00 საათზეა დაანონსებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, ის, ვინც ფიქრობს, რომ გუშინ სპეცრაზმი კლუბებში უსამართლოდ შეიჭრა, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. პარლამენტის წინ გასამართ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საია ►

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოაქვეყნოს განახლებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, მათ შორის, დაკავებულთა ადგილმდებარეობის შესახებ. ორგანიზაციის თქმით, მათი ადვოკატები ამჟამად რამდენიმე დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევას უშედეგოდ ცდილობენ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები თბილისის გარდა, ასევე გადაყავთ სხვადასხვა რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს დაკავებულებისათვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” განვითარებულ მოვლენებს და მზადყოფნას გამოთქვამს, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ დაკავებულებს.

EMC ►

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” დაკავებულია 20-მდე ადამიანი. მათ შორის არიან აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი. EMC-ის იურისტები ცდილობენ დაკავებულებთან შესვლას, თუმცა, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილიც ავრცელებს. ის ადასტურებს ზვიად გელბახიანის დაკავებას და ამბობს, რომ მასთან ერთად დაკავებულები არიან აქტივისტი ტატო გეთია და დავით ლეჟავა (ფონდ “ელექტრონავტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი); ნაჯა ორაშვილის თქმით, ტატო გეთია და დავით ლეჟავა საგარეჯოში ჰყავთ გადაყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button