მნიშვნელოვანისაქართველო

“ძალოვანი უწყების მტკიცებულება არის ფალსიფიკაცია“

“12 მაისის შავი პარასკევის მოვლენებამდე ჩვენ კონკრეტული პირები გვწერდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე”,- ეს განცხადება მოძრაობამ “თეთრი ხმაური” გაავრცელა.

მოძრაობის ინფორმაციით, მათ საქმის კურსში ღამის კლუბების წარმომადგენლებიც ჩააყენეს. “12 მაისის ღამის მოვლენებმა, ფაქტობრივად, დაადასტურა წყაროს ინფორმაცია, რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენებმა, ფაქტობრივად, ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, კლუბებში ადგილი ჰქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც, ასევე, ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე”, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა თეთრი ხმაური მთელ პასუხისმგებლობას ძალოვან უწყებებს აკისრებს.

“ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათ მიერვე. შეგახსენებთ, გუშინ კლუბ ბასიანზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს არცერთი კლუბის თანამშრომელი და არსებობენ მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიცია საკუთარი ხელით ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე გაურკვეველ ნივთიერებებს.

“ვთხოვთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში. ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე, ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას, რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული სწორედ იმისთვის, რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ,“ – აღნიშნულია მოძრაობა თეთრი ხმაურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button