პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

რიგით მესამე ვიზიტით “პატრიოტთა ალიანსის” სამკაციანი დელეგაცია დღეს რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება.
შემადგენლობა: ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე. ალიანსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში. განხილვის მთავარ თემად ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სახელდება.
“პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი არა იზოლაციის გამოცხადება, არამედ საქართველოს გამთლიანებისთვის მოქმედებაა საჭირო.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრთა მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება მმართველი გუნდი. უმრავლესობაში თქვეს, რომ ეს არაოფიციალური, მხოლოდ პარტიული ვიზიტია.
“ჩვენ ესეთ ვიზიტებს ოფიციალურ სტატუსს არ ვანიჭებთ, შესაბამისად ვინ სად წავა და წამოვა ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, ოღონდ მათ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა თითონ აიღონ,”-განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
ოპოზიციაში კი კიდევ ირწმუნებიან, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ქართული ოცნების” სატელიტია და მოსკოვში მორიგი ვიზიტით სწორედ მათ შეკვეთას ასრულებენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია.