მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლისაა

საქართველო პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს, საქართველო აღნიშნავს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა, რომელმაც დაშლილად გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე დღეს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი,“ რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები 1919 წელი/ფოტო: ეროვნული არქივი

დღეს, 17 საათსა და 10 წუთზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა 100 წლის წინ ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება ამ ისტორიული მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება. 17 საათი და 10 წუთი განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონულ ცენტრშიც, სადაც მოქალაქეებს კოსტიუმირებული მსვლელობებით და ფლეშ-მობებით ამცნობენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ვერტმფრენები კი ფერად ფანტელებს მიმოაფრქვევენ.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტრადიციულად გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია. 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი ფიცს ერთდროულად დადებენ თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში.

ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინსტრუქტორები, კადეტები, იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე 43-ე ბატალიონი და ამერიკელი ინსტრუქტორები.
თავისუფლების მოედანზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, მათ შორის ახლადშეძენილი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგი სისტემა „ჯაველინი.“ სამხედრო ტექნიკა გამოიფინება თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.
26 მაისი საქართველოს დიდ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში მთელი დღის განმავლობაში აღინიშნება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული გამოფენებით, თემატური ბაზრობებით, თეატრალიზებული წარმოდგენებით და კონცერტებით.

 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს სტუმრობს 20-მდე ქვეყნის დელეგაცია

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

საქართველოს სტუმრობენ ესტონეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები, ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, ბელორუსიისა და რუმინეთის ვიცე-პრემიერები და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 20-მდე ქეყნის პრეზიდენტები და ოფიციალური დელეგაციები თავისუფლების მოედანზე დაესწრებიან საზეიმო ცერემონიას. დაგეგმილია პრეზიდენტების მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი.

მსგავსი პოსტები

Back to top button