რას დაპირდა გიორგი კვირიკაშვილი აქციის მონაწილეებს

“დილიდან შს საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე- პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს, ის იქნება ხელმძღვანელი ამ პროცესის და მე, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანად ამ პროცესს”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში წუხელ მას შემდეგ გააკეთა რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა აქციაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნას გამოეხმაურა, მთავრობის გადადგომის შესახებ.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება პრობლემა არ არის, თუმცა მისივე განცხადებით, დღეს “ამის სიტუაცია ” არ არის, რადგან ქვეყანას სტაბილურობა და სიმშვიდე სჭირდება.
„მე ჩემი თანამდებობა, არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ, ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუმდაც ოდნავ გააუმჯობესებს სიტუაციას და განმუხტავს, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. ჩემთვის მთავრია რომ ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს პასუხები გავცემთ უმოკლეს ვადაში და ჩემთვის მთავრია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.