Hereti FM

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ამერიკის მოქალაქეს და მის ქართველ მეუღლეს ავტომობილი ნაჯახით დაუჩეხა

235

მამაკაცი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს და მის ქართველ მეუღლეს ავტომობილი ნაჯახით დაუჩეხა, დაკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში გვითხრეს.

სოფელ ნუკრიანში მცხოვრები ამერიკის მოქალაქე ჯეფ ატეფ ეზზატ აზიზი და მისი ქართველი მეუღლე ნათია ხვედაგურიძე ამბობენ, რომ თანასოფლელი მალხაზ ხმალაძე სახლში მიუვარდა, ნაჯახით მანქანა დაუჩეხა და მოკვლითაც დაემუქრა.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, ამერიკის მოქალაქე ჯეფ ატეფ ეზზატ აზიზი ამბობს, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა გაგრძელდეს, რადგან მანქანის დაზიანების გარდა მოძალადე მას მოკლვითაც დაემუქრა.

ნათია ხვედაგურიძეს და მის მეუღლეს ნუკრიანში ოჯახური ბიზნესი – სასტუმრო სახლი და მაღაზია – აქვთ. საკუთარ მაღაზიაში სხვადასხვა დასახელების ღვინოებს ყიდიან. ჯეფ აზიზის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი მალხაზ ხმალაძე მათ ღვინის მაღაზიაში მივიდა, ერთი ბოთლი სასმელი აიღო, ფული არ გადაიხადა და ტერიტორია დატოვა. მას შემდეგ კი, რაც ცოლ-ქმარმა ღვინო უკან დააბრუნებინეს, მალხაზ ხმალაძე გაღიზიანდა, სახლში დაბრუნდა, ნაჯახი აიღო და ამერიკელ ბიზნესმენს ავტომობილი ნაჯახით დაუჩეხა.

რადიო ჰერეთი