მნიშვნელოვანისაქართველო

მესაზღვრეების გატაცება ლაგოდეხი-დაღესტნის საზღვრიდან

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხი-რუსეთის, დაღესტნის ტერიტორიიდან, ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს.

წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. გატაცების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევა 27 ივნისს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობიდან” ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ სოციალურ ქსელში 28 ივნისს გაავრცელა.

დევიძემ დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

ყოფილმა დეპუტატმა ფეისბუქზე დაწერა: “შიდა ქართლში მოქალაქეების გატაცებით რომ ვერ დაკმაყოფილდნენ, ახლა ლაგოდეხში დაიწყეს ლეკიანობა რუსებმა. ადგნენ და მესაზღვრეები გაიტაცეს. მომავლში კიდე რას ჩაიდენენ კაცმა არ იცის. სამაგიეროს გადახდა რო გადაწყვიტოს კაცმა პროვოკატორია?”

ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულთა ოჯახის წევრებისთვის მომხდარის შესახებ ამ დრომდე არავის უცნობებია. ერთ-ერთი მესაზღვრე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბაისუბნის თემში შემავალ სოფელ პატარა გორში ცხოვრობს.

სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ნუგზარ მაჭარაშვილმა გვითხრა, რომ მანაც იცის მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ცოტა ხნის წინ ამ თემაზე განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომბდა მომხდარი დაადასტურა. თუმცა უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში სიტყვა “გატაცებას” არ ახსენებს.

“მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button