მნიშვნელოვანირეგიონი

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში

სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. წვიმის შეწყვეტის მიუხედავდ, ჭუბერში კვლავ რთული ვითარებაა. მდინარის წყლის დონე ჯერ დაკლებული არ არის და გზის კაპიტალური შეკეთება მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი. რამდენიმე სოფელი კვლავ რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი, ასევე დანგრეულია სახლები და წაღებულია ხიდები. სტიქიის ზონაში ჩავიდა პრემიერიც. მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობის წყლით და საკვებით უზრუნველყოფა ხდება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, იმ ვითარებას, რომელიც სტიქიის შედეგად ჭუბერის ხეობაში შეიქმნა, ხელი შეუწყო ტყის უსისტემო ჭრამაც. “ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ“ – განუცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნენსკრას ხეობაში განვითარებული მოვლენები “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შეაფასა. შალვა ნათელაშვილის თქმით, სვანეთი ყოველთვის იდგა იმ საფრთხის წინაშე, რაც ხეობაში მოხდა. ნათელაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობა სვანეთსა და სხვადასხვა რეგიონში კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეებს გამოიწვევს.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ნინო ჩხობაძე სვანეთში განვითარებულ პროცესებს ყინულის ინტენსიურ დნობას უკავშირებს, რასაც ინტენსიური წვიმა დაემთხვა.  როგორც ექსპერტი ვარაუდობს, ნენსკრას ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის განმეორების შესაძლებლობა მაღალია. ჩხობაძე სტიქიას  “ნენსკრა ჰესის” მშენებლობასთან არ აკავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button