Hereti FM

პრეზიდენტი და პრემიერი ბრიუსელში

327

საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც 11-12 ივლისს გაიმართება ნატოს სამიტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად შედგება სახელმწიფოს მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელზეც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა ანკარიდან, სადაც 9 ივლისს დაესწრო თურქეთის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩეული რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინაუგურაციას.

ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული პროგრამით, 12 ივლისს, ბრიუსელის დროით 8:00 საათზე ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი განცხადებას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ხოლო 8:20 საათზე უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად. ამის შემდეგ, დაიწყება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების და საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართელოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება. ბახტაძე ბრიუსელში 18 ივლისს ჩავა. არსებული ინფორმაციით, ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. უცნობია ვისთან გამართავს ქვეყნის მთავრობის მეთაური მოლაპარაკებებს.

რადიო ჰერეთი