Hereti FM

“ყოფილი “ლეოგრანდის” შენობა სიცოცხლისთვის სახიფათოა”

794
Share Button

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოითხოვს ექსპლუატაცია შეუჩერდეს ბათუმში მდებარე სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობას.

„ველმონდი“ ყოფილი “ლეოგრანდია,“ სადაც 2017 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, 2018 წელს, სპეციალისტებმა სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი შემოწმება და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, შარშანდელი ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი იყო სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა.

ამავე სამსახურის განცხადებით, კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის, შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

სასტუმრო “ველმონდის” [ყოფილი ლეოგრანდი] მენეჯმენტისთვის უწყების გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. მისივე თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად მაკონტროლებლებმა ვადა წლის ბოლომდე მისცეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი