მნიშვნელოვანისაქართველო

ვის შეარჩევს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე მსჯელობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ კონკრეტული კანდიდატები პირველად დასახელდებიან. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ჩართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყების წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს.

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და “საია”-ს თავმჯდომარე სულხან სალაძის ხმა ►

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ორ კვირაზე მეტია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის შესარჩევად იურიდიულ-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა. პოსტის დატოვების ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარდგინებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button